შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება. ქეთევან ციხელაშვილი უწყების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უწყების ხედვაზე ისაუბრებს.
„მიმოვიხილავთ იმ ძირითად პრიორიტეტებს, რომელსაც ეფუძნება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, გულისხმობს დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად ეს არის დიალოგი, შერიგების, ნდობის მშენებლობის პოლიტიკა, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
უწყების მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს მმართველ გუნდს. პარლამენტის ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მეტი ჯანსაღი ინიციატივაა საჭირო.
„გარკვეული შეხედულებები ჩვენც გვაქვს, ჟენევის ფორმატი მიმდინარეობს ამდენი ხანია, საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ შედეგები არ ჩანს. მეტი ინიციატივებია საჭირო, მეტი ჯანსაღი განცხადებები და არა რაღაც ჰაერიდან მოტანილი სურვილები,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
ევროპული საქართველო აქცენტს ოთხოზორიას საქმესა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე გააკეთებს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები კონკრეტულ ჩავარდნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მათ შორის ოთხოზორიას საქმეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელების გადაკეტვას, მავთულხლართების გადმოწევას და ა.შ.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძე ამ უწყების არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, მას არც რეალური ფუნქციები, არც გადაწყვეტილების მიღების რაიმე ბერკეტები გააჩნია.
მინისტრს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ელოდებიან.