პრეზიდენტობიდან 100 დღის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალია. The Washington Post-ისა და ABC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის შემდეგ პრეზიდენტის რეიტინგი რეკორდულად დაბალი - 42%-ია. ავტორების თქმით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი ეიზენჰაუერის მმართველობის შემდეგ არ ყოფილა.
დონალდ ტრამპის რეიტინგის ვარდნას შეფასებები უკვე მოჰყვა ამერიკელი ექსპერტების მხრიდან. ბრუიკინგზის ინსტიტუტის სპეციალისტი სიუზან ჰენესი დაბალ რეიტინგს იმ ფაქტსაც უკავშირებს, რომ ტრამპმა არა ამომრჩეველთა, არამედ საარჩევნო კოლეგიის ხმებით მოიგო.
მწვავედ შეაფასა დონალდ ტრამპის მმართველობის 100 დღე განხილვაზე მწერალმა და კრიტიკოსმა ლეონ უესელტირმა, რომელიც ბრუკინგზში მმართველობის და საგარეო პოლიტიკის კვლევებზე მუშაობს.
„მე არაფერი მინახავს გასული 100 დღის მანძილზე ისეთი, რომელიც არ მაფიქრებინებდა, რომ ჩვენ გვყავს უსაზღვროდ უვიცი, ნარცისისტული ბუნების მქონე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს იმპულსური ხასიათის გაკონტროლების პრობლემა,“ - განაცხადა ლეონ უესილტერმა.
მწვავე და კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ანალიტიკოსები მხარს უჭერენ, თუმცა თეთრ სახლს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი ასეთი თემაა ადმინისტრაციის მიდგომა ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ და ბირთვულ პროგრამებზე სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. ოთხშაბათს კი თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ასივე სენატორია მიწვეული. ამ შეხვედრას ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები დაესწრებიან.