25 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
როგავების გატაცება - ხმაური, პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 22 დღის წინ დაკავებული მამა-შვილი - პაატა და არჩილ როგავების გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქცია ენგურის ხიდზე პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცავებმა როგავების ოჯახის წევრებს ენგურის ხიდის გადაკეტვის უფლება არ მისცეს. რამდენიმე წუთიანი წინააღმდეგობის შემდეგ, პოლიციელებმა დარეჯან როგავა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავებული დარეჯან როგავა, რომელიც სოციალურად დაუცველია, სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 250 ლარით დააჯარიმა. რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული მამა-შვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.

მამა-შვილი პაატა და არჩილ როგავების გათავისუფლების საკითხი ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ინციდენტების პრევენციის გუშინდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დააყენა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, როგავებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და რუსი მესაზღვრისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას ედავებიან. ე.წ. აფხაზურმა სასამართლომ მათ უკვე მიუსაჯა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა.

 

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები