19 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი - ღოღობერიძისა და ჩხვირკიას ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, რომლის თანახმადაც ჩხვირკიასა და ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათი შეფასებით, პროკურატურის ის არგუმენტი, რაც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გაითვალისწინა, აბსურდულია.

ბრალდებამ დაკავებულებისთვის პატიმრობა მოწმეებზე ზეწოლის პრევენციის მოტივით მოითხოვა.

„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. არცერთი რეალური საფუძველი იმისა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებოდა პატიმრობა ირაკლი ჩხვირკიას უბრალოდ არ არსებობს ამ საქმეში. ირაკლი ჩხვირკიას ორგანიზატორობა არაფრით არ არის დამტკიცებული,“-აცხადებს ადვოკატი გოგა ონიანი.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით კი,  კონკრეტული პირების დასახელების სანაცვლოდ პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა. სახალხო დამცველის აპარატმა ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა უკვე დაიწყო.

„სასამართლომ გვერდი აუარა საპროცესო ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას და იმ ცალსახად არსებულ გარემოებებს, რაც სახეზე იყო და რაც არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა აღკვეთის ასეთი მკაცრი ღონისძიების შეფარდებას,“-განაცხადა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.

დღის ამბები