24 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას კანონმდებლები ერთხმად აკრიტიკებენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლეების სეურაცხყოფაზე სანქციები უნდა დაწესდეს, საქართველოს პარლამენტში ეხმაურებიან. კანონმდებელთა პოზიცია ერთიანი და კრიტიკულია. 

საქმე ეხება კანონში ტერმინების დაკონკრეტებას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის შეურაცხყოფად და ასევე საუბარია  შესაბამის სანქციებზე.  

ქართულ ოცნებაში ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავენ და თვლიან, რომ სიახლის მიხედვით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კი მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება.

„რაღაცა რეგულაციების შემოღება, რომლითაც ადამიანებს პირზე ხელს მივაფარებთ და ვეტყვით, რომ თქვენ ამის თქმით უფლება არ გაქვს, ეს პრაქტიკისთვისაც შეიძლება გახდეს საშიში, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც აღიარებს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, პლურალიზმს, დემოკრატიას.  პრივილეგირებულ ადამიანთა ჯგუფს ჩვენ ვერ გავაჩენთ, რომელთა გაკიცხვაც იქნება კანონით დასჯადი,“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ინიციატივა აბსურდულად მიაჩნია ოპოზიციასაც. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მხრიდან ინიციატივის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

„ეს იმდენად სულელური ინიციატივაა, რომ მხოლოდ ჩვენს მოსამართლეებს შეიძლება მოსვლოდათ თავში, რომ აკრძალულია მოსამართლეთა კრიტიკა.  მაშინ რატომ არის დაშვებული დეპუტატის კრიტიკა ან თუნდაც მღვდლის კრიტიკა. მე არ გამიკვირდება, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთ კანონი მიიღოს, ამიტომ წინასწარ მინდა გეგმა შევასრულო და ვთქვას, რომ მურუსიძე, ურთმელიძე, ნაზღაიძე და ის ორი ქალბატონი და 9 მოსამართლე მოსამართლეები კი არ არიან, არამედ არიან არაფორმალური მმართველის პირადი, დაქირავებული მოსამსახურეები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დემოკრატიული ქვეყნის პრინციპების გააზრებას ურჩევენ ევროპულ საქართველოში.

„ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება. იუსტიციის საბჭოს და მის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ სად გადის ზღვარი, როდესაც საკითხი ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ევროკონვენციით დადგენილ შეზღუდვებს,“-განმარტავს გიორგი ტუღუში.

მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესების ინიციატივას არადემოკრატიულს უწოდებს სამოქალაქო სექტორიც.

დღის ამბები