19 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების ოფისში შეხვედრას მართავს.

განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვისთვის გრაფიკის გაწერაა.

„საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს გადასვლა პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რაც ვფიქრობ არის დიამეტრალური გაუმჯობესება და გათვალისწინება სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იძლეოდნენ, თუმცა რა თქმა უნდა მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველ გუნდს დღეს საარჩევნო სისტემის ცვლილებების აუცილებლობაში საკუთარი თანაგუნდელების დარწმუნება მოუწევს. მმართველი გუნდიდან მაჟორიტარების ნაწილი დღეს მოქმედი სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო რესპუბლიკის თანმდევი პროცესია.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენ გადავდივართ პრაქტიკულად მთლიანად საპარლამენტო მმართველობაზე და კონსტიტუციაც უნდა მოერგოს ამ ტიპის მმართველობას, მე მიმაჩნია და საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ყველაზე უფრო მიზანშეწონილი ასეთ პირობებში არის პროპორციული არჩევნები, როდესაც მაქსიმალურად ვითარდება პარტიები. იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობა ეს არის ძლიერი პარტიების მმართველობა,“-აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები