24 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
"ჟურნალისტებზეც არის საუბარი" - იუსტიციის საბჭო მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის შეზღუდვების დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გუშინ საბჭოს მიერ ერთხმად მიღებულ განცხადებას და ინიციატივას კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომელიც მოსამართლის კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესებას ეხება.

საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე ამბობს, ცვლილებებმა კანონში გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს, თუმცა მისივე თქმით, მოსამართლეთა ლანძღვა უნდა დასრულდეს.

სოფრომაძის თქმით, შეზღუდვები უნდა  დაწესდეს ჟურნალისტებისთვისაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი განმარტავს, რომ საუბარია მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც მისი თქმით, არღვევენ საკუთარი ეთიკის წესებს.

„მოდაში შემოსული და წრეგადასული ლანძღვა-გინება უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს არ უნდა დასრულდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. პიროვნული შეურაცხყოფები, ოჯახის შეურაცხყოფა მოსამართლის თუ სასამართლოსი, ნაწილობრივ ჟურნალისტებზეც არის საუბარი. იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მინიმუმ ალბათ თავიანთი ეთიკის წესებს არ იცავენ, შესაძლებელია შემდგომში ვიფიქროთ რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე, ეს არის ძირითადი ლაიტმოტივი ამ განცხადებისა,“-ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე.  

იუსტიციის საბჭო ინიციატივის შესახებ აქტიური კონსულტაციებისთვის ემზადება და არაა გამორიცხული სიახლე საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდეს.

რეგულაციების დაწესებას ემხრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეც.

„ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ დამატებითი რეგულაციები საჭიროა. კონკრეტულად სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ზღვარია აქ სწორად დასადგენი,“-განაცხადა მოსამართლე გიორგი ებანოიძემ.

დღის ამბები