20 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
"უპასუხისმგებლო მიდგომა ზოგადად კანონშემოქმედებითი საკითხისადმი“ - ნარჩემაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს

ჯანდაცვის კომიტეტზე, ევროპული საქართველოს ინიციატივაზე მსჯელობის ფარგლებში წარმოქმნილი ხმაურისა და დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება სწორედ კობა ნარჩემაშვილის განცხადებას მოყვა.

მსჯელობა ეხებოდა დევნილებისთვის სახელმწიფო დახმარების გაზრდას და ასევე მათ ავტომატურ რეგისტრაციას, რაზეც დეპუტატმა განმარტა, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ დევნილთა რიცხვი მაქსიმალურად გაიზრდება.

ნარჩემაშვილმა ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრები კანონშემოქმედების მიმართ უპასუხისმგებლო მიდგომაში დაადანაშაულა.

„როცა კომიტეტის სათათბიროში არის შემოსული 50 პარტიული აქტივისტი, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს, პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს ამას, ასეთ შეთხვევაში, თავისთავად ბადებს იმ განცდას, რომ აღარაფერს ვამბობ შინაარსზე შემოთავაზებული კანონპროექტისა, სხვა არაფერია თუ არა პრინციპში უპასუხისმგებლო მიდგომა ზოგადად კანონშემოქმედებითი საკითხისადმი,“ - ამბობს ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საქართველომ პარლამენტს დევნილებისთვის სახელმწიფო დახმარების 45-დან 60 ლარამდე გაზრდისა და მათი ავტომატური რეგისტრაციის შესახებ წინადადება შესთავაზა. 

დღის ამბები