20 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
შეიძლება იყოს როგორც პირადი, ისე დაინტერესება თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან" - გელა ხვედელიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს უკავშირებს. მან ამის შესახებ კიდევ ერთხელ, დღეს განსხვავებული აქცენტების ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გოგაშვილი დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით.

“მე მაქვს ის გამოცდილება, რომ შევამჩნიო მუშაობა იმ სამსახურების, რომლებშიც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. შესაბამისად, ინფორმაციებსაც ვფლობ ჩემთან მიმართებაში, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული კონკრეტულად მე სად დავდივარ, ვის ვხვდები, ვის ვესაუბრები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ინტერესდებოდა და ფაქტობრივად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძირეულად იყო გადმორთული ჩემზე... შეიძლება იყოს როგორც პირადი ინტერესი, ისე სხვა რაიმე დაინტერესებაც, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. ეს მასთან უფრო შეიძლება გაირკვეს,“ - განაცხადა ხვედელიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, ხდებოდა მისი ახლობლების გაფრთხილება, რომ გაეწყვიტათ მასთან ურთიერთობა.  

“ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც ამ ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჩემთან ურთიერთობას დაანებონ თავი. ეს მომენტები მაფიქრებს და მალაპარაკებს ამას ყველაფერს. ჩემში რას ხედავენ საშიშროებას და როგორ, ეს მათთვის დასასმელი კითხვებია. მე არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომელიც შეიძლება იყოს ყურადსაღები,“ - აღნიშნა ხვედელიძემ.

მისივე თქმით, შეიძლებოდა რომ გამოძიებას უკეთესად ემუშავა.

“იმ წუთისათვის აქტიურად რომ ემუშავა გამოძიებას, ცხელი კვალიდან გამომდინარე შეიძლებოდა დაეფიქსირებინა გარკვეული მომენტები. იმიტომ, რომ უამრავი კამერები არსებობს, რომლებიც შეიძლებოდა ენახათ. ახლა ახორციელებენ იმას, რაც შეიძლება გაეკეთებინათ სამი კვირის უკან,“ - განაცხადა ხვედელიძემ.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს 3 აპრილს დაესხნენ. მას ფიზიკურად 2 პირი საკუთარი სახლის წინ გაუსწორდა.   

 

დღის ამბები