20 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
26 წლის წინ მომხდარი მკვლელობა - ასლან აბაშიძისა და ნოდარ იმნაძის უკანასკნელი დაპირისპირების ისტორია

პოსტსკრიპტუმი 1991 წლის 30 აპრილს მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იმ დროის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ასლან აბაშიძემ, თავისივე მოადგილე, ნოდარ იმნაძე მოკლა. მუხლის ფორმულირებაში, რომლითაც აბაშიძე გაასამართლეს წერია, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოხდა.

მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, გამოდის, რომ იმნაძე ასლან აბაშიძეს თავს დაესხა, აბაშიძე იძულებული გახდა თავი დაეცვა და ამ დროს ზურგში 17 ტყვია ესროლა.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იმნაძის ცხედარი უკვე გარდაცვალების შემდეგ დამატებით არის ნაცემი. სასამართლომ ამ ფაქტის სრული უგულებელყოფა მოახდინა. პროკურატურა კი ბრალდების ძველი კვალიფიკაციის და ისევ განზრახ მკვლელობის მუხლის დაბრუნებას მოითხოვს.

მოკლული ნოდარ იმნაძის შვილმა, ნატო იმნაძემ პოსტსკრიპტუმთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მამის მკვლელობას შეესწრო და კაბინეტში ასლან აბაშიძე, აჭარის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჯაიანი და ვიცე-პრემიერი ომანიძე დახვდნენ. ნატო იმნაძე აცხადებს, რომ  მამამისის ბოლო სიტყვები იყო „სამშობლოს ღალატს არავის ვაპატიებ“, რის შემდეგაც მან ავტომატის ჯერი იატაკს ესროლა. ასლან აბაშიძე კი მას გინებით გამოეკიდა და თავს დაესხა.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები