საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან. ისინი მაჟორიტარულის პროპორციული ან შერეული სისტემით შეცვლას ითხოვენ.
რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხს კომიტეტის ფორმატში ისევ მიუბრუნდებიან.
„უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, რომლითაც უნდა ავირჩიოთ საკრებულოები, იმიტომ რომ იქაც ძალიან დიდი უსამართლობა გვაქვს, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების სისტემაში. იქაც იგივე უბედურება და პრობლემები არის მაჟორიტარების გადამკიდე, იმიტომ რომ მათი წყალობით ხელისუფლება დაუმსახურებელ მანდატებს იღებს,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.
ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე იმედოვნებს, რომ თვითმმართველობების საკითხზე მსჯელობა მალე დაიწყება.
„იმის ილუზია არ მაქვს, რომ აქ რაღაც გარღვევები მოხდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მოქმედებებით შეიძლება გასვლა შედეგზე,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
უმრავლესობის ნაწილი ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნების მომხრეა და საკოორდინაციო საბჭოს გარკვეული მოსაზრებები მისაღებია.
„რაღაც მოსაზრებები მათი ინიციატივიდან, ჩემთვის პირადად მისაღებია,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი.