19 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
მესამე სექტორი იუსტიციის საბჭოს მიერ დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ გასაუბრებებს აკრიტიკებს

იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომის ნაწილი მედიისთვის ისევ დაიხურა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გასაუბრების პროცესის დახურვა თავად მოითხოვა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დასწრებაზე უარი უთხრა.

ყაველაშვილს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება და ის კონკურსში ხელახლა მონაწილეობს.

დამკვირვებლებისა და მედიის გარეშე გაიარა დღეს გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატმა პროკურორმა რეზო ნადოიმაც, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

იუსტიციის საბჭო კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპს უახლოეს დღეებში დაასრულებს. მოსამართლეობის მსურველი სულ 105 კანდიდატია. საბჭოს წევრებმა სულ 84 უნდა შეარჩიონ.

მესამე სექტორში კითხვებს დახურულ კარს მიღმა ჩატარებული გასაუბრებები იწვევს. იუსტიციის საბჭოში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესში კანონით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობენ.

არასამთავრობოებმა საბჭოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გადადებაც ურჩიეს მანამ, სანამ პარლამენტი 3-წლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ხელახალ რეგულაციებს დაამტკიცებს. 

დღის ამბები