16 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე ყველას გვაქვს უფლება, რომ მათ შეურაცხყოფები ვაყენოთ - ნიკა გვარამია მოსამართლეებზე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესებას გულისხმობს, ეხმიანება.

არჩევანის ეთერში ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ცილისწამებისთვის საქართველოში 2004 წლიდან აღარ ისჯებიან, თუმცა სასამართლო წარმოება შესაძლებელია.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი მოსამართლე გეწაძის გამონათქვამს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ მართლმსაჯულება არის ზედმეტად გაწელილი და არაეფექტური პროცესი. ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლის მხრიდან მსგავსი განცხადება მიუღებელია.  

„მთავარი ტესტი ამ კანონის არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩივის, რომ მას დაუმსახურებლად მიაყენეს შეურაცხყოფა, მასზეა მტკიცების ტვირთი ეს არის უმთავრესი მომენტი ამ კანონის. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა განსხვავდება ყველა სხვა შემთხვევებისგან იმით, რომ მტკიცების ტვირთი გაზრდილია და გადაკისრებულია არა იმ ადამიანზე, რომელიც თავს იცავს და დაზარალებულად გამოდის ამშემთხვევაში,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მორჩილება გამოსავალი არ არის. 

„ქართველ მოსამართლეთა უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით არის "მანქურთი". ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით, ის არის მონა-მორჩილი ხელისუფლების. ის ყიდის საკუთარ პატიოსნებას, წესიერებას იმისთვის, რომ 3 წლიანი ვადის მერე დანიშნონ მოსამართლედ, გამოსაცდელი ვადის თავზე,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია რუსთავი2-ის საქმის განხილველ მოსამართლეებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი პასუხს არა მხოლოდ თანამდებობრივად, არამედ სისხლის სამართლებრივადაც აგებენ. 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე ყველას გვაქვს უფლება, რომ მათ შეურაცხყოფები ვაყენოთ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები