19 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
დამალული ქონება - ელისო კილაძემ შს მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ გიორგი მღებრიშვილი საკუთარ ქონებას მალავს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

ელისო კილაძის ინფორმაციით, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში მინისტრს სრულყოფილად არ აქვს წარმოდგენილი ორი მიწის ნაკვეთი, რომელიც მის საკუთრებაშია.

„მინისტრს დეკლარაციაში არ აქვს ნაჩვენები ის ქონება, რომელსაც რეალურად ფლობს. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ჩვენ ვიპოვეთ შს მინისტრის ორი მიწის ნაკვეთი - 900 კვ.მ. წავკისში და 1000 კვ.მ. დიღომში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

პროკურატურაში სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავაც იმყოფებოდა, რომელმაც საჩივრის შესახებ ისაუბრა.

„საჩივარი შეეხება მინისტრის საცხოვრებელ ბინას, სადაც ის დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ოჯახთან ერთად. კერძოდ, ეს არის პენთჰაუსი M კვადრატში, რომელსაც მინისტრი სამინისტროს, ხალხის ფულით ქირაობს 6 ათას ლარზე მეტად. თუ საკუთარი ფულით იხდის ბინის ქირას, მინისტრს 6 ათას ლარამდე აქვს ხელფასი და შეუძლებელია ამ რაოდენობის ქირა გადაიხადოს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

დღის ამბები