16 სექტემბერი 2019,   19:14
ვრცლად
85 არასამთავრობოს განცხადება - ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი მოთხოვნებს არ ეთანხმება

85 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც სამოქალაქო სექტორმა საარჩევნო ბარიერის დაწევა და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემის გაუქმება მოითხოვა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია გამოეხმაურა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სამართლიანი და სწორია.

მმართველ გუნდის აზრით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ლეგიტიმურია.

„5%-იანი ბარიერი არის სრულიად ლეგიტიმური ბარიერი, რომელიც არის ძალიან ბევრ თუ არა, თითქმის, ყველა ევროპულ ქვეყანაში, ბევრში ნამდვილად. არავინ ამ ქვეყნებში არ ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერი ან უსამართლობასთან, ან დისპროპორციასთან არის რაიმე კავშირში,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები არასამთავრობოების განცხადებას არ ეთანხმებიან.

„ასეთი განცხადებები არის საზოგადოებაში შეყვანის კიდევ ერთი დამატებითი მცდელობა. ამ ლოგიკით უნდა ვიმსჯელოთ, რომ ნებისმიერი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად არის მიჩნეული მთელ მსოფლიოში, თანასწორობის პრინციპს არღვევს,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხარვეზების გამო უნდობლობას უცხადებს

„ის მოწოდება, რომ გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდეს პროპორციულად და ის, რომ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი მიეცეთ, ბარიერი იქნას დაწეული, სწორად მიგვაჩნია,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემის გაუქმების შესახებ, სამართლიანია.

„პირველ ადგილზე გასული შეიძლება, იყოს 25%-ითაც, როგორც მუსოლინის იტალიაში იყო, წაიღოს ყველა გადაუნაწილებელი ხმა. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო, მახინჯი სისტემა,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები