19 სექტემბერი 2019,   21:54
ვრცლად
ერთი ცვლილებაღა დარჩათ განსახორციელებელი, რომ მემკვიდრეობით გადასცენ თანამდებობები - მამუკა ახვლედიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, საქალაქო სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელზე შაბათის კურიერში საუბრობს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოში შეტანილი სარჩელი პატივის და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას შეეხება და ის ხელისუფლების წევრებს ბოდიშის მოხდას და თითოეულ მათგანს 10 ათასლარიან კომპენსაციას ითხოვს.

მამუკა ახვლედიანი ხელისუფლების მიერ მასზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზეწოლის ფაქტად აფასებს.

„ის მოქმედებები, რასაც ახორციელებდა თუნდაც ხელისუფლების, სასამართლოს წარმომადგენლები, ზეწოლაზე მეტია, ჩემი აზრით. ის გავრცელებული ინფორმაციები და ის ფორმა,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

„ეს ყველაფერი ჰგავს ცალ კარში თამაშს. უბრალოდ, აზრი არ  აქვს ამ ტიპის ბრძოლას, იმდენად უღირსად იქცევა მოქმედი მენეჯმენტიც და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც. არ ინტერესდება ამ თემით და მხოლოდ ცარიელი საუბრით და ჭორების გავრცელებით არის დაკავებული. ამიტომაც შევიტანე სარჩელი, რომ ფორმალური მხარე დაცული ყოფილიყო,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭოს ახალ ინიციატივასაც ეხმიანება, რომელიც მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესებას ითვალისწინებს. მამუკა ახვლედიანი ამას საზოგადოების შეშინების მცდელობად აფასებს.

"ამის შემდეგ ერთი ცვლილებაღა დარჩათ განსახორციელებელი, რომ მემკვიდრეობით გადასცენ თანამდებობები და, ფაქტობრივად, მიაღწიეს ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

დღის ამბები