იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობაზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, საქმე უშუალოდ საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ეხებოდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯელობა სწორედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მის უვადოდ დანიშვნის საკითხს ეხება.
საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები ხელმეორედ უვადოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნებიან. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ საქმე არა მხოლოდ მას, არამედ უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს ეხება.
„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები და მერწმუნეთ, არ ვარ ცუდი იურისტი. ეს რომ ყოფილიყო ლევან მურუსიძის გამო გაკეთებული, ეს გაკეთდებოდა იმ დროს, როდესაც იქნა მიღებული კანონი. ორი თვის უკან, სამი თვის უკან და მერწმუნეთ, ამაში ვერც არასამთავრობოები და ვერავინ ხელს ვერ შემიშლიდა. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო დრამატიზება,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მის შესაძლო უვადოდ დანიშვნის ფაქტს აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
„ამ კანონმა დაარეგულირა მოსამართლეთა კანდიდატების შეფასების ახალი წესი. შესაბამისად, ეს კანონი ვერ გავრცელდება უკვე დანიშნულ მოსამართლეებზე და ვერ გამოიწვევს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გამწესებას. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ საბჭო ცდილობს ამ შემთხვევში ბატონი ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას,“-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს იურისტი ოლიკო შერმადინი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, აქციას გამართავენ.