23 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში პრეზიდენტი ჩაერთო

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში პრეზიდენტი ჩაერთო. ქვეყნის მთავარი კანონის ახალ პროექტს დღეს მოქალაქეებს ბათუმში გააცნობენ. შეხვედრა უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილი ბათუმში უკვე ჩავიდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რიგით მეოთხე განხილვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება არც პრეზიდენტს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ გაუკეთებიათ.

განცხადებები გაკეთდა ევროპული საქართველოს მხრიდან, რომელიც საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილეობს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მათი მხრიდან განცხადება გაკეთდება, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაა.

„მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად, პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ან ამომრჩეველმა ან პარტიებმა, როგორც ამას გვთავაზობს ქართული ოცნება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ევროპული საქართველოს წევრები საარჩევნო სისტემასა და გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

ევროპული საქართველო ყველაზე პრინციპულ საკითხს, რასაც აყენებს, ეს არის ის, რომ არ დავუშვათ მუსოლონის სქემის გასვლა საპარლამენტო არჩევნების მოდელში, როდესაც ყველა გაუნაწილებელი ხმა მიდის პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ბათუმში იმყოფება პატრიოტთა ალიანსის ლიდერიც. ირმა ინაშვილის განცხადებით, ის ყურადღებას საარჩევნო სისტემაზე გაამახვილებს.

„არ შეიძლება საქართველოში დავამკვიდროთ პრაქტიკა, როდესაც ერთი პარტია იქნება მარადიულად ხელისუფლებაში და ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ცვლილება გადასანაწილებელი ხმების შესახებ, სწორედ ამას გვეუბნება,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღევანდელ განხილვებს ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ისინი დღეს საკმაოდ დაძაბულ დებატებს ელიან.

დღის ამბები