25 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
"შემოვიდა ლეგალური საბუთით" - შალვა ხუციშვილი ლუჟკოვის თბილისში ვიზიტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

ხუციშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა და მას საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა. 

შალვა ხუციშვილის განცხადებით, მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. 

”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო,” - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი თბილისშია. ის გუშინ წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმემ აღავლინა. როგორც ბერ დიაკვანმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მოსკოვის ყოფილი მერი ტაძარში, მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მას თან მეგობრებიც ახლდნენ. 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი კი აცხადებს, რომ ის იური ლუჟკოვის თბილისში ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმირებული არ არის.

„არანაირი მოწვევის საფუძველზე ის არ ჩამოსულა საქართველოში ხელისუფლების მხრიდან. მე საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია მისი ვიზიტის შესახებ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ მომიწვევია და არც ჩემს კოლეგებს მოუწვევიათ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები