საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ საარჩევნო სისტემას უსამართლოს უწოდებს. განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში, კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ცვლილებებით პროპორციული სისტემა გათვალისწინებულია, თუმცა ჩადებულია 5%-იანი ბარიერი და ბლოკების შექმნის აკრძალვა, რაც ქმნის უსამართლობის განცდას.
„ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს ამ საარჩევნო სისტემაში უზრუნველყოფილია, მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთ სისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მივდივართ საარჩევნო უბანში და ვირჩევთ პოლიტიკოსს. თითოეული ჩვენი ხმა არის უაღრესად ფასეული. ეს ხმა ქმნის ხელისუფლებას, ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას და შევხედოთ, რა სისტემა არის ჩამოყალიბებული. პირველი - 5% საარჩევნო ბარიერი, რომელიც თავისთავად ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი - ბლოკების უარყოფა, როდესაც მე ვუსმენდი პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას, საარჩევნო სისტემის შექმნისას ჰკითხოს აზრი ოპოზიციურ პარტიებს.
„ახლა, როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმიტომ, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობის ზონიდან, ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ, როგორ უნდათ მათ რომ ხელი შეუწყოთ.
"თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ, რომ 5%-იანი ბარიერიც და ბლოკების შექმნაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი. რატომ ვიცი მე უკეთესად. რატომ არ ვეკითხები ოპოზიციონერებს, თქვენ როგორი სისტემა გინდათ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
„საუბარი არის სამიდან 8 %-იან ნიშნულზე გაუნაწილებელი მანდატების. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ერთნიშნა რიცხვზე საუბარი. თქვენი არჩევანის, თქვენი გადაწყვეტილების განხორციელება, რომ შეძლოს გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამისთვის არის საჭირო ეს ერთნიშნა რიცხვი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.