20 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
ზეპარტიული პრეზიდენტის არსებობა - მმართველ გუნდს ოპოზიციისა და არასამთავრობოებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს

საპარლამენტო ურმავლესობა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვაზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, ზეპარტიული პრეზიდენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის თქმით, მათი მიზანი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შემოღებისას, ზეპარტიული პრეზიდენტის არსებობაა ქვეყანაში.

„ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევა არის გამორიცხული პირდაპირი არჩევნების პირობებში. ვიცით ზოგადად, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, მათ შორის საქართველოში. შეუძლებელია გაიმარჯვოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, თუ მას ზურგს არ უმაგრებს პარტიული სტრუქტურები, თუ მას არ აქვს მინიმუმ, რამდენიმე მილიონიანი დაფინანსება. ზეპარტიული პრეზიდენტის პრინციპს პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

მმართველი გუნდის მოსაზრებას ზეპარტიულ პრეზიდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. მათი აზრითვე, პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს.

„ახალი შემოთავაზებული ვერსიით, პარტიები ასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და პარტიების წარმომადგენლები ირჩევენ პრეზიდენტს. რომელი არის ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის მიერ დასახელებული და არჩეული, თუ პოლიტიკოსების მიერ დასახელებული და პოლიტიკოსების მიერ არჩეული პრეზიდენტი,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

სამოქალაქო სექტორშიც მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული მოდელი ზეპარტიული არ არის.

„ის მოდელი, რომელსაც სთავაზობთ, არ არის ზეპარტიული, ჩემთვის ის უფრო ქვეპარტიულია. პარტიებს დაქვემდებარებული პრეზიდენტი გვეყოლება, თუ ის იმ წესით იქნება არჩეული და არა ზეპარტიული პრეზიდენტი,“- განაცხადა ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები