21 სექტემბერი 2019,   05:39
ვრცლად
"ბინძური საკვები" უფასო სასადილოებში - არ ხმაურდება, დაიწყო თუ არა მოკვლევა ამ ფაქტზე საგამოძიებო უწყებამ

ახალი საქართველო უფასო სასადილოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარის ხარჯვის მიზნობრიობასთან ერთად აქცენტს საკვების ხარისხზე აკეთებს.  მათ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასახულია, რომ ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი საკვები იმდენად უვარგისია, რომ ისინი სადილის გარეშე რჩებიან.

უფასო სასადილოს ერთ-ერთი ბენეფიციარი პარტიის წევრებთან საუბარში ყვება, რომ პროდუქტი ხშირად ბინძური და საკვები უვარგისია.

პარტიის მიერ გავრცელებული ვედეომასალის კიდევ ერთი ნაწილი სასადილოებში არსებულ კანონდარღვევას ეხება. ახალი საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ხშირად ბენეფიციარების ნაცვლად, აღრიცხვის დოკუმენტში ხელს თავად სასადილოს თანამშრომლები აწერენ. ახალი საქართველოს წევრები კორუფციული ფაქტების არსებობს არ გამორიცხავენ.

ოპოზიციის ბრალდებას, რომ უფასო სასადილოში უხარისხო საკვები რიგდება, კატეგორიულად უარყოფენ მერიაში. სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხარისხი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია.

მთელი თბილისის მასშტაბით 63 სასადილოში 39 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის ყოველდღიურად უფასო სადილი მზადდება. ოფიციალური მონაცემებით, ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება მერიის მიერ გადახდილი თანხის მიზნობრიობით, ჯერ უცნობია.

დღის ამბები