24 იანვარი 2020,   00:17
ვრცლად
უკიდურესად დაძაბული ვითარება ფასანაურში - ორი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

აქცია ფასანაურში - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ხანდოს ხეობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ადგილობრივებს ტერიტორიიდან სპეცტექნიკის გაყვანის საშუალება არ მისცა. პოლიციამ დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავა.

ხანდოს ხეობაში დაკავებული 4 პირი მცხეთის სასამართლომ 400 - 400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. კიდევ ორის შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთერთმა მონაწილემ ტრაქტორს ქვა ესროლა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ადგილობრივები სამართალდამცველებს პროვოკაციის მოწყობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. ფასანაურში დღეს სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფასანაურში ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.

დაპირისპირების დროს დაკავებული პირები სამართალდამცველებმა თავდაპირველად ჟინვალის პოლიციაში გადაიყვანეს. განყოფილებასთან დაკავებულთა ოჯახის წევრები და საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. მოგვიანებით, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული პირები მცხეთისა და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

ხანდოს ხეობაში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოსახლეობის მწვავე პროტესტის მიზეზი, ფასანაურში მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები გახდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 500 კილოვოლტიანი სადენი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

კიდევ ერთი დაპირისპირება ხანდოს ხეობაში ადგილობრივი ხელისუფლების გამოჩენას მოჰყვა.

ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ილია ელოშვილის განცხადებით, ხეობაში საპროტესტო აქციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები