20 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი და ამერიკელი დიპლომატები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

ევროკავშირის ელჩმა და ამერიკელმა დიპლომატმა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე დღეს განცხადებები ღიად გააკეთეს. იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ მთავარია მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში ნდობა არსებობდეს და შეკითხვები არც მოქალაქეებს, არც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს არ ქონდეთ.

იანოშ ჰერმანსა და ნიკოლას ბელინელს კონკრეტული შემთხვევები და ბიზნესმენები არ დაუსახელებიათ, თუმცა, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც სასამართლოსა და ბიზნესის დაპირისპირებას უკავშირდება, ფადი ასლისა და მოსამართლე მიხეილ კაკაბაძის დავაა.

საერთაშორისოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მოსამართლეს, რომელმაც 2 მსხვილ კომპანიას კოლოსალური ჯარიმა დააკისრა, კორუფციაში ადანაშაულებს. მოსამართლე კაკაბაძემ, ღირსების დასაცავად სასამართლოს თავადვე მიმართა. ამის მიუხედავად, ფადი ასლი აცხადებს, რომ ხშირად სწორედ მართლამსაჯულება უშლის ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას.

ბიზნესს რომ სასამართლოში პრობლემები აქვს, ამას ირაკლი კობახიძეც აღიარებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია თავად საქმიან წრეებთან შეხვედრების შედეგად აქვს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ  – საქართველომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2017 წლის 24 მარტს მიმართა მოსამართლე კაკაბაძის ხელფასის შეჩერებისა და სრული გამოძიების მოთხოვნით. ფადი ასლი იმასაც აპროტესტებს, რომ იუსტიციის უმღლეს საბჭოში საქმის გამოძიებამდე, მოსამართლემ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს თავადაც უჩივლა.

დღის ამბები