20 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
მცოცავი ოკუპაცია - ცერონისელები ეჭვობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ ნელ-ნელა კუთვნილ მიწებს წაართმევს

რუსულ პროპაგანდასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი. ტრაფარეტებს შესაბამისი წარწერებით საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი სურვილის შესაბამისად ამონტაჟებს და, შესაბამისად, ქართველების მიერ წარმოსახვითი საზღვრის ნებისმიერი დარღვევა მკაცრად ისჯება.

საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იძულებულია შორიდან უყუროს სახნავ-სათეს მიწებს, რადგან იციან, რომ საკუთარ მიწებთან მიახლოება ცხინვალის იზოლატორში გატარებული დღეებით დასრულდება.

რუსი მესაზღვრეები საოკუპაციო ზოლთან, მავთულხლართებსა და ტრაფარეტებს ყოველდღე სურვილის მიხედვით გადაადგილებენ. ოკუპირებული სოფელი იონჩა არსებული სასოფლო სამეურნეო მიწები ცერონისელებს ეკუთვნით, თუმცა ადგილობრივების უმეტესობას რუსი მესაზღვრეების შიშით ფრონეს მეორე ნაპირზე გადასვლა არ სურს.

ცერონისელების ეჭვი რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ ნელ-ნელა კუთვნილ მიწებს წაართმევს, გუშინ ცხინვალის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ საზღვრის გამაგრების თაობაზე კიდევ უფრო გამყარდა.

ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან რუს მესაზღვრეებს რამდენიმე საგუშაგო აქვთ. ცხინვალში ირწმუნებიან, რომ ძალიან მალე ამ ადგილას ისინი კარგად დაცულ სასაზღვრო ზოლს ააშენებენ. მათი განმარტებით, სასაზღვრო ზოლი აუცილებელია, რათა ადგილობრივი მცხოვრებლების პირუტყვმა შემთხვევით ტერიტორია არ გადაკვეთოს.

დღის ამბები