20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს - ირაკლი კობახიძე თორდიაზე მომხდარ თავდასხმას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, "მძიმე ფაქტი" უწოდა. ირაკლი კობახიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდასხმის ფაქტის სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს შეგვიძლია, ჩვენ განვიხილოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მით უმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქნება. პირველ რიგში, გამოძიების მიმდინარეობას უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, თუნდაც, კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე,“ -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე მოითხოვა ოპოზიციის ნაწილმა და არასამთავრობო სექტორმა. 

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ აუცილებელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ კი იგივე მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები