20 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას მომეტებული ლტოლვა აქვს არაფორმალური მმართველობისკენ - ლევან სამუშია თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე

„ფაქტი არის აღმაშფოთებელი, ვინაიდან აქ არ არის ერთ პიროვნებაზე საუბარი, ეს არის პირდაპირ ინსტიტუციაზე თავდასხმა,“ - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ ძალადობას.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმაში ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე პირთან ერთად მონაწილეობდა და ეს ძალადობა მისი სახელმწიფო საქმიანობის გამო მოხდა, რადგან მომდევნო კვირას აუდიტის სამსახური მერიასა და ფარცხალაძეს შორის არსებულ სავარაუდო ნეპოტისტურ სქემას გამოავლენდა.

ლევან სამუშია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ჯერ მათ დირექტივები არ მიუციათ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, არაფორმალური მმართველობა ნათელია უკვე, ხოლო ფარცხალაძე პროკურატურას აკონტროლებს.

„საერთოდ განცხადებაც არ გაკეთებულა, რაღაც წერილობითი სახით განცხადება გავრცელდა, ისიც შსს-ს მიერ,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მან აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის შეცვლა აუცილებელია, რადგან ის მუხლი, რომელზეც საქმეა აღძრული, ფაქტის რელევანტური არ არის. 

„ფაქტების ერთობლიობა გვაჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია არაფორმალურ მმართველობაში, ქართული ოცნების ხელისუფლებას მომეტებული ლტოლვა აქვს არაფორმალური მმართველობისკენ, ისინი ამ საქმესაც ვფიქრობ, რომ ნაკლებად გამოიძიებენ,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები