20 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმა - მესამე სექტორი სისხლის სამართლის მიმდინარე მუხლის შეცვლას ითხოვს

ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მიმდინარე მუხლის შეცვლას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი აზრით, ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის, ან ძალადობის შემთხვევა.

„ზოგჯერ პროკურატურა არ არის ხოლმე ობიექტური და მიუკერძოებელი ასეთი ფაქტების გამოძიების დროს, ამიტომაც ამ საქმემაც დღის წესრიგში დააყენა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, რომელსაც მთლიანად ექნება მონოპოლია გამოიძიოს როგორც ასეთი ფაქტები, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. რაც შეეხება ლაშა თორდიას საქმეს, სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს ამ საქმეზე,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მაგალითად წინა საქმეები მოჰყავს, რომლებიც მისი თქმით, სრულყოფილად არ იქნა გამოძიებული.  

„ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტური,“ - აღნიშნა იმნაძემ.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI ანალიტიკოსმა გიორგი ბერაია, რომელიც ასევე მუხლის გადაკვალიფიცირებაზე საუბრობს.

„გამოძიება მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს, ვინც არის შესაძლო ბრალეული ამ ქმედებაში, როგორც დასაბუთებული ეჭვები არსებობს, აქვს რეალური გავლენა, არაფორმალური მმართველობის სახით ამ ორგანოში,“ - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

თემაზე სამოქალაქო სექტორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ყურადღება გაამახვილა. აქცენტი ბოლო პერიოდში მსგავს არაერთ ძალადობრივ ფაქტზეა გაკეთებული, რომელიც ბოლომდე გამოძიებული დღემდე არ არის.

 

 

 

დღის ამბები