20 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
ლუჟკოვის ვიზიტი საქართველოში და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებული კანონდარღვევა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში სომხეთიდან, მიკროავტობუსით, როგორც ტურისტი ისე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ლუჟკოვის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევიდან იმდენი წელი გავიდა, რომ ახლა მისთვის პასუხის მოთხოვნა ძალიან დაგვიანებულია. გავრცელებული ცნობით, არც მის პასპორტში და არც მონაცემთა ბაზაში, მისი დარღვევების შესახებ არაფერი ყოფილა მითითებული, ამიტომაც პატრულ-ინსპექტორმა ის შეყოვნების გარეშე გამოატარა საქართველოს საზღვარზე.

იური ლუჟკოვის სოხუმში ვიზიტის შემდეგ 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. ყოფილ მერს კი ახლა შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად ემოგზაურა საქართველოს კუთხეებში.

ჟურნალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი ვარაუდობს, რომ ლუჟკოვი გარკვეული მისიით იყო საქართველოში ჩამოსული. კერძოდ კი, მისი თქმით, შესაძლოა მას ჰქონდა დავალება პირადად შეემოწმებინა შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოს სრულად დაბრუნებას.

„ისეთი გაბრაზებული წავიდა და ისეთი საზიზღრობები ილაპარაკა საქართველოზე ბოლოს, რომ მისია, ალბათ წარუმატებელი გამოდგა,“  - აღნიშნავს პანფილოვი.

2016 წელს, ლუჟკოვი საგანგებოდ მიიწვიეს კრემლში და ის რუსეთის პრეზიდენტმა სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორდენითაც დააჯილდოვა.

ლუჟკოვი სიტყვითა და საქმით ხელს უწყობდა სეპარატისტული რეჟიმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. 2006 წელს, ცხინვალში, თბილისის სახელობის ქუჩას ლუჟკოვის სახელობის ქუჩა დაარქვეს.

მოსკოვის ყოფილმა მერმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა ამბობს, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში სტუმრობას ისევ აპირებს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები