23 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
მილიონიანი ქონება მოსამართლის ოჯახს - საკრებულოს ოპოზიცია ნარმანიას სასამართლოში დაბარებას მოითხოვს

შუამდგომლობა, რომელიც თბილისის საკრებულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა, დავით ნარმანიას მოწმის სახით დაკითხვას გულისხმობს. დედაქალაქის თვითმმართველის ორგანოს 5 ოპოზიციური ფრაქცია თვლის, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების უკანონოდ გადაცემაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ქალაქის მერს ეკისრება.

ოპოზიციის შუამდგომლობის განხილვა დღეს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლემ ვერ მოასწრო. ნარმანიას მოწმის სახით პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხოლოდ მოპასუხე მხარის ანუ საკრებულოს იურისტების შუამდგომლობები დააკმაყოფილა. საკრებულო საქმეში მერიისა და ქონების მართვის სააგენტოს ჩართვას ითხოვდა.

სასამართლოსთვის პასუხების გაცემაში პრობლემას ვერ ხედავს თავად თბილისის მერი. დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ სასამართლო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, მერიის ყველა მაღალჩინოსანი მზად არის კითხვებს პასუხი გასცეს.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები დავით ნარმანიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს მილიონიანი ქონება რუსთავი 2-ის საქმის გამო, სწორედ უკანონო გარიგების გზით გადაეცა.

დღის ამბები