სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას, მეუღლე, მაია ირემაშვილი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას, რომლებმაც თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა გამორიცხეს, "აბსურდულს" უწოდებს.
მისი თქმით, თორდიაზე მომხდარი თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. გენერალური აუდიტორის მეუღლე აცხადებს, რომ ღამის კლუბ ელ ცენტროში ლაშა თორდია ნასვამი არ ყოფილა.
მაია ირემაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ინციდენტი მოხდა ღამის 01:30-ზე, გენერალურმა აუდიტორმა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას პირველად გამთენიისას, 06:45-ზე მიმართა.
„ძალიან ძლიერი თავის ტკივილები როცა დაეწყო, დავრეკე 112-ში, რომ სასწრაფო გამომეძახა, ჯერ პატრული მოვიდა. პატრულთან თანდასწრებით მივეცი მეორე აბი წამალი,“ - განაცხადა მაია ირემაშვილმა.
უკვე სამი საათია, გამომძიებლები სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს კითხავენ. პროკურატურის წარმომადგენლები მთავარ აუდიტორთან სახლში იმყოფებიან. სამართალდამცავებს თორდიას სახლი ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.
ლაშა თორდია გამომძიებლებს, სავარაუდოდ, იმ დოკუმენტებს წარუდგენს, რის გამოც, მისი მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, მის თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.