20 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
ცვლილებები თვითმმართველობის შესახებ კანონში - ოპოზიცია მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი რეფორმა. უწყებაში ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც 12 ქალაქს, რომელსაც დღეს გამგებელიც ყავს და მერიც, რეფორმის შემდეგ მხოლოდ მერი ეყოლება.

მერს მოსახლეობა აირჩევს და მას ქალაქთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მართვაც დაევალება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ასახელებენ, თუმცა რამდენი დაიზოგება ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

რეფორმის ინიციატორების მტკიცებით, ქალაქებს თვითმმართველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ, თუმცა, როგორ მოხდება მართვა, როცა ბიუჯეტი მთელს მუნიციპალიტეტს საერთო ექნება, უცნობია.

„ეს არ ნიშნავს თავად ამ ინსტიტუციის გაუქმებას. რა თქმა უნდა, ეს თანამდებობა იქნება, ხალხი აირჩევს პირდაპირი წესით გამგებელი იქნება თუ მერი შესაბამის თანამდებობის პირს. ერთადერთი აქ საუბარი არის ტერმინოლოგიურ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, შეიძლება არა,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

დაანონსებული რეფორმა გაუგებარია ოპოზიციისთვის. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ ცვლილებები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.

„დღეს თვითმმართველობები ემსახურებიან არა ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრს, ქართულ ოცნებას და მეორე პრობლემა - ეს არის აბსოლუტურად გაბერილი ხარჯები, გაბერილი ბიუროკრატია და არაპროფესიონალიზმი. არცერთ ამ გამოწვევას ეს ცვლილებები არ პასუხობს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ცვლილებას ფორმალურს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

„ეს ნიშნავს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს და 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი უნდა ჩამოართვან, ამით ფიქრობენ, რომ გადაფარავენ ამ ყველაფერს და სიტყვა გამგებელს შეცვლიან სიტყვა მერით და ფუნქცია დარჩება იგივე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს 7 თვითმმართველი ქალაქი გაუქმდება,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები