25 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - იანოშ ჰერმანი

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესა და საქართველოს ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა დასრულდა. საგარეო უწყება ჰერმანს გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის მიერ, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტისთვის, ანატოლი ბიბილოვისთვის არჩევნების წარმატებით ჩატარების მილოცვასთან დაკავშირებით შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება ზალბერის ნაცვლად ისაუბრობს. ჰერმანის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

"მინდა გავიმეორო, რაც მინისტრის მოადგილესთან, ბატონ დუნდუასთან ახლახანს შეხვედრაზე ვთქვი. ევროკავშირი არ ცნობს ფორმატს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, არ ვცნოთ მის შედეგებსაც. მაგრამ, ორი სიტყვით გეტყვით იმას, რასაც ევროკავშირი ცნობს - ესაა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ კონტექსტში დღეს ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე. მე წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას და დარწმუნებული ვარ, იგივე პოზიციას წარმოადგენს ზალბერიც. მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მას ექნება შესაძლებლობა თავად ილაპარაკოს ამ ვიზიტზე ოკუპირებულ რეგიონში,“- განაცხადა ჰერმანმა. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკაშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უწყებაში განმარტავენ, რომ გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება მათთვის მიუღებელია. 

 

„ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ თქვათ, მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან, იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები