20 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
სახელმწიფო უწყებები ფარცხალაძისგან მიწის ნაკვეთის მილიონით მეტად შესყიდვას უკომენტაროდ ტოვებენ

ოპოზიცია ოთარ ფარცხალაძეს მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის თაღლითური სქემის და ბათუმის და ფოთის პორტების ხელოვნური გაკოტრების განხორციელებაში ადანაშაულებს. სამგორში მდებარე 6 ჰექტარი მიწა 200 ათას ლარად როიალ დეველოპმენტს 2015 წელს გადაეცა, რომლის 40%-იანი წილის მფლობელი და შემდგომში დირექტორი ოთარ ფარცხალაძე იყო.

ნაციონალური მოძრაობის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოსგან ნაყიდი უძრავი ქონება საპარტნიორო ფონდის მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას ყოფილმა პროკურორმა 1 მილიონი ლარით მეტ ფასად მიყიდა.

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებებს არ პასუხობს. მისი ინტერესების დამცველი კი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ღირსების შელახვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.  

საავიაციო დეტალების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც პირველადი ხელშეკრულების თანახმად 2017 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, დღემდე მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდმა დღეს მხოლოდ წერილობითი განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფონდი ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone-თან ერთად ახორციელებს საინვესტიციო პროექტს, რომელშიც ებრაული მხარის ინიციატივით ჩართული იყო კომპანია როიალ დეველოპმენტი, რომლის 100% წილის მფლობელები ისრაელის ფიზიკური და იურიდიული პირები იყვნენ.

უძრავი ქონების ჯერ 200 ათასად გასხვისების და შემდგომ მილიონით მეტად სახელმწიფოსთვის მიყიდვის თაობაზე კომენტარს ეკონომიკის სამინისტროში არ აკეთებენ.

დღის ამბები