15 ივლისი 2019,   23:00
ვრცლად
"ინცინდენტი არ ყოფილა" - ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ გამოკითხა

„ინცინდენტი არ ყოფილა, არ მომხდარა, იყო რაღაც წამიერი შეხვედრა,“ - ასე შეაფასა ოთარ ფარცხალაძემ 13 მაისს ელ ცენტროში ლაშა თორდიასთან შეხვედრა. სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ყოფილ პროკურორს თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ის სცემა.

ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ოთარ ფარცხალაძეს ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ ყველაფერზე მისი ადვოკატი ისაუბრებდა.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთების საკითხს, რომელზეც ოპოზიცია ფარცხალაძესა და ხელისუფლებას შორის არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს, თავად ყოფილმა პროკურორმა აღნიშნა, რომ კონპენსაცია არ მიუღია და გავრცელებული ინფორმაცია „ტყუილია“.

ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ფარცხალაძემ გამოძიებას ყველა დეტალი მიაწოდა, რაც ლაშა თორდიასთან შეხვედრის ღამეს მოხდა.

დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას მიმართეს და აღნიშნეს, რომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში მათი დახმარება სჭირდებათ.

სახალხო დამცველი მაღალი თანამდებობის პირზე მომხდარ სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ფაქტი და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამართალდამცავების და მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი უნდა არსებობდეს, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს ააცილებს გამოძიებას. 

დღის ამბები