24 ივლისი 2019,   07:23
ვრცლად
თორნიკე კაჭარავას საქმე - ახლობლები აცხადებენ, რომ მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა

სასამართლომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა სრულად გაითვალისწინა და პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის შუამდგომლობაზე, 20 ათას ლარიანი გირაოს თაობაზე, უარი თქვა.

საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა თორნიკე კაჭარავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-შეძენა-გადაზიდვას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, კაჭარავას ერთ გრამამდე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ფეხსაცმელში ჰქონდა შენახული.  

კაჭარავას ოჯახის წევრები და მეგობრები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მისმა ინტერესების დამცველმა სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან არ გააკეთა. კაჭარავას ბიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. ბიძის თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა და მსგავსი განაჩენი იმიტომ გამოიტანა.

პირველი წარდგენის სხდომაზე კაჭარავამ ისაუბრა, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა, მან სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ დაკავების მომენტში გამომძიებლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფეხსაცმელი ძალით გახადეს. ამ განცხადების შემდეგ მოსამართლემ ბრალდების მხარეს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა, თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე კაჭარავას ამ განცხადებით დაინტერესდება.

კაჭარავა 2 დღის წინ ერთ-ერთი საავადამყოფოს ეზოში დააკავეს. მისი საქმის წინა სასამართლო მოსმენა 26 ივნისს უნდა გაიმართოს. 

დღის ამბები