25 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას დამოუკიდებელ მედიაზე შეტევას ახსენებს, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს

ამ წუთებში დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებენ. მანამდე კი ომბუდსმენი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი თემა რუსთავი 2-ის საქმე იყო. საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებას შეახსენა ის, რომ დამოუკიდებელ მედიაზე იყო შეტევა წლების განმავლობაში და ახლაც გრძელდება, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უარყოფენ.

“ცალსახად სტრასბურგს არ უთქვამს, რომ საქმე გვქონდა კონვენციის მუხლების დარღვევასთან, თუ არ ბრძანდებით იურისტი, შეგახსენებთ, რომ აქ არის დროებით ღონისძიებაზე საქმე. ის, რომ სტრასბურგმა დაადგინა უფლებების დარღვევა ვინმეს სასარგებლოდ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ძალიან გთხოვთ საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსთავი 2-თან მიმართებაში დიდი რისკად შეაფასა.

“მე შეგახსენებთ რა თქვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. მან სახელმწიფოს აუკრძალა ნებისმიერი მოქმედების განხორციელება, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამიტომ, მე ნამდვილად ვარ იურისტი, თუმცა იურისტობა არაფერ შუაშია, რომ აქ თვალნათლივ დაინახოს საზოგადოებამ თუ რაოდენ მაღალ რისკად შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსთავი 2-თან მიმართებაში,“ - აღნიშნა აბესაძემ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, მას მმართველი გუნდის მხრიდან არ შეუმჩნევია დაინტერესება, თუ რა კორუფციულ სქემებს მიმართავდა ხელისუფლება რუსთავი 2-თან მიმართებაში. 

“როდესაც ხელისუფლებისთვის არასასურველი სარედაქციო ტელევიზიის საკითხს შეეხება საქმე, ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე ქვეყანაში საუბარი იმაზე რაც არის ძალიან მტკივნეული პრობლემა ამ ქვეყნისთვის, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს საუბარი სრულიად ფუჭია იმიტომ, რომ მე არ მომისმენია ამ დარბაზში რომელიმე ჩემს კოლეგას დაინტერესება გამოეთქვა თუ რა კორუფციული სქემებით ცდილობდა ხელისუფლება, მიეღწია სასურველ შედეგს რუსთავი 2-თან მიმართებაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები