22 ივლისი 2017,   02:43
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ვენეციის კომისიაში თბილისიდან კიდევ ორი მიმართვა გაიგზავნა

ვენეციის კომისიაში თბილისიდან კიდევ ორი მიმართვა გაიგზავნა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ევროპელი ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. წერილების ავტორები კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში იმ მუხლებს აპროტესტებენ, რომელიც თავიდანვე სადაო იყო. მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოდელებია. სავარაუდოდ, ეს მიმართვა გახდება ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას დადებს.

ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან მმართველი გუნდის წევრები. საპარალამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში, უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებების გაზიარებისა და კომპრომისისთვის მზად არიან.

პრეზიდენტი თვლის, რომ უცხოელი სპეციალისტების პოზიცია მნიშვნელოვანია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას, ხელისუფლებისთვის მთავარი ხალხის პოზიცია უნდა გახდეს. პრეზიდენტი ასევე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული პროექტი ნულოვანი კონსენსუსის შედეგია.

ჯერ უცნობია, გაიზიარებს თუ საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს ვენეციის კომისია. მათი ნაწილი ევროპელ სპეციალისტებთან შეხვედრებსაც გეგმავს. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას ქართულ მხარეს უახლოეს პერიოდში დაუბრუნებს.

დღის ამბები