20 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
ჩხრეკა წოწორიების ოჯახში - სახალხო დამცველის წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს

ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკას დაესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე. მან სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველი აპარატში შევიდა შეტყობინება აღნიშნულთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვიყავით ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ადვოკატი ადგილზე იმყოფება და ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს. ვესაუბრეთ ასევე ოჯახის წევრებს და ადვოკატმაც და ოჯახის წევრებმაც გვითხრეს, რომ ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით მოგვიანებით, თავად შეგვეხმიანებიან," - აცხადებს ციალა ქათამაძე.

რას უკავშირდება სახლში მიმდინარე ჩხრეკა ან რას ეძებენ სამართალდამცველები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვიდრე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე, შეფასებებისგან თავს იკავებენ ოჯახის წევრებიც და ადვოკატიც. 

ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას სახლში რამდენიმე საათის წინ დაწყებული ჩხრეკა ამ დრომდე გრძელდება. წოწორიების ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ.

ბათუმში, წოწორიების ბინაში ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტებიც შევიდნენ. 
 
 

 

დღის ამბები