19 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას პროცესის მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი. უჩა ნანუაშვილს გარკვეული კითხვებიც აქვს შესარჩევის კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებისთვის ბრძოლას მომდევნო ეტაპზე 24 კანდიდატი აგრძელებს, საიდანაც ევროპის მოსამართლის მანტიას ერთი მათგანი მოირგებს.

“შესარჩევი კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი, უფრო მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო შერჩეული, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორიდან. ამის ნაცვლად დაემატა ახალი წევრები სასამართლო სისტემიდან, რაც ჩემთვის მაინცდამაინც გასაგები არ არის,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერის, გიორგი გვილავას, თქმით, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

“მთელმა ამ პროცესმა გამოიწვია ის, რომ ბოლოს მივიღეთ უარი ევროსასამართლოსგან და, სამწუხაროდ, ქვეყნის იმიჯზე ამან ძალიან უარყოფითად იმოქმედა.  დღეს იგივე რისკების წინაშე ვადგავართ ჩვენ და ჩვენი მოწოდება იგივეა, რომ იყოს გამჭვირვალე პროცესი,“ - აღნიშნა გვილავამ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, თქმით, თუ მეორედ ჩავარდებიან კანდიდატები, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა.

“თუ ხელისუფლება აპირებს, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩავარდებიან და ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რომ მეორედ ჩავარდნენ კანდიდატები. თუმცა, ძალიან მაგარ კანდიდატებს აქვთ შემოტანილი და, თუ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი მოსამართლე,“ - განაცხადა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები