24 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
შესაძლოა, წოწორიას საქმე საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს

შესაძლოა, წოწორიას საქმე საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვებს, რომლებიც დღეს არსებობს, გამოძიება ადეკვატურ პასუხს არ გასცემს, ქვეყნის რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება.

გამოძიების შედეგებს ელოდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახალხო დამცველი.

საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ ეჭვებს თავად მოსამართლე წოწორიას მიერ გაკეთებული განცხადება აღრმავებს, სადაც ევროსასამართლოს მოსამართლე ზეწოლაზე ღიად საუბრობს და მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროსასამართლოში მის საქმიანობას უკავშირებს.

რუსთავი2-ის საქმის გარდა, ოპოზიციის განცხადებით, ამ ზეწოლის მიზეზი შესაძლოა, ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის, საქმეა.

ოთარ წოწორიას და მისი დის - ევროსასამართლოს მოსამართლის განცხადებებს ზეწოლასთან დაკავშირებით, თავდაცვის სტრატეგიად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. ვიცეპრემიერი მომხდარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეჭვების საფუძველი არ არსებობს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მოსამართლის ოჯახის წევრობა იმუნიტეტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის სახლიდან სამართალდამცველებმა 4-საათიანი ჩხრეკის შემდეგ იარაღი ამოიღეს. ოჯახის წევრები, მათ შორის თავად ევროსასამართლოს მოსამართლე, მისი საქმიანობის გამო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ.

დღის ამბები