14 დეკემბერი 2019,   22:56
ვრცლად
ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა - პროკურატურამ საქმეზე მუშაობა შეწყვიტა

ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას, ძმის სახლში ჩხრეკასთან დაკავშირებით დღეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. პროკურატურაში აცხადებენ, რომ რევოლვერი და ვაზნები, რომელიც ოთარ წოწორიას, სახლიდან ამოიღეს, მას არ ეკუთვნის.

2-დღიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, უწყებაში განმარტავენ, რომ მისი მფლობელი წოწორიას გარდაცვლილი სიმამრია. მისი გარდაცვალების გამო კი, საგამოძიებო უწყება საქმეზე მუშაობას წყვეტს.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ რევოლვერისა და ვაზნების წარმომავლობა ოთარ წოწორიასა და მისი ოჯახის წევრების დაკითხვის შედეგად დადგინდა.

რა ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებლებს და იცოდნენ თუ არა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების მეპატრონის შესახებ, წოწორიების ოჯახში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. თუმცა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი ადვოკატი ეხმაურება, რომელიც დღესაც აცხადებს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფს და არც მის მეუღლეს, სადავო იარაღსა და ვაზნებზე ინფორმაცია არ ჰქონიათ და მათი არსებობის შესახე ჩხრეკის მომენტში გაიგეს.

ექსპერტიზის შემდეგ დღეს აღმოჩნდა, რომ რევოლვერი კუსტარულადაა დამზადებული და სასროლად უვარგისია.

ევროსასამართლოს მოსამართლის ძმამ მის სახლში ჩხრეკა ნონა წოწორიას სამოსამართლო საქმიანობას დაუკავშირა და სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლად შეაფასა. 

დღის ამბები