25 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
წყნეთში გრიშაშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობა გზების შეკეთებას ითხოვს

წყნეთში გრიშაშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობა გზების შეკეთებას ითხოვს. ადგილობრივების მტკიცებით, მერიამ და გამგეობამ ახალი გზა წყნეთის მხოლოდ ცენტრში დააგეს, სხვა ქუჩებზე კი საქმე სანახევროდ გაკეთდა, რის გამოც ადგილზე უამრავი პრობლემა გაჩნდა. მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობასა და ანტისანიტარიაზე ჩივის.

ადგილობრივების მოთხოვნებს ვაკის გამგებელი გამოეხმაურა.

„წელს გვაქვს დაგეგმილი მილიონ ნახევარის სამუშაოები. გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გაწერილი გეგმა, რის მიხედვითაც მივყვებით და დანარჩენი ქუჩები, რომლებიც სარეაბილიტაციოა, წელს იქნება თუ მიმდინარე წელს, აუცილებლად გაკეთდება,“ - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

პრობლემების უკეთ გასაცნობად წყნეთში ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა.

„ერთი წელი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ გრიშაშვილის ქუჩა დაწყებულიყო. ახლა ამ გრიშაშვილს აგებენ და გვერდზე, პატარა მონაკვეთზე, სადაც არის ჩასავარდნი ორმოები, ხელს არ კიდებენ, თითქოს არ ეხებათ. ეს არის ხალხის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, არ აინტერესებთ მათი საკითხი და მარტო უნდათ მაშინ, როდესაც მოდის არჩევნები,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები