21 სექტემბერი 2019,   05:29
ვრცლად
დოკუმენტები და ფაქტები - როგორ გახდა ოთარ ფარცხალაძე მილიონერი

თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა 10, ამ მისამართზე ოთარ ფარცხალაძე ორ კომერციულ ფართს ფლობს, ჯამში 480 კვადრატული მეტრი.

ვაკე, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა 9, ამ მისამართზე ოთარ ფარცხალაძემ 305 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული ფართი იყიდა, ასევე შეიძინა 130 კვდრატული მეტი ბინა მეხუთე სართულზე. 

საბურთალო მგალობლიშვილის 13, ამ კორპუსში ფარცხალაძეს 73 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა აქვს. 

ვერა, კოსტავას გამზირი 60, ამ კორპუსში ოთარ ფარცხალაძე ფლობს კომერციულ ფართებს, რომელიც პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული. 

ეს იმ ქონების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის სახელზე ირიცხება. 

ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ჯამში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 3 მილიონ ლარამდე ქონება შეიძინა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 

დღეს ფარცხალაძის კომპანიის, ბი სი არ ჯი დეველოპმენტის ანგარიშზე, რამდენიმე მილიონის კაპიტალი ირიცხება, რომელიც ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფარცხალაძის კომპანიისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების დამსახურებაა.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხვალ გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელიც თბილისის მერიის საქმიანობას ეხება. დასკვნის ერთი ნაწილი ოთარ ფარცხალაძის კომპანიისათვის მერიის მიერ გადაცემულ მიწის ნაკვეთზეა. პოსტსკრიპტუმმა ექსკლუზიურად გაარკვია იმ გარიგების დეტალები, რომელიც მერიასა და ფარცხალაძეს შორის გაფორმდა და რაც აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდება. დოკუმენტებით დგინდება, რომ მერიამ ფარცხალაძის კომპანიას 2 მილიონ 100 ათასი ლარით მეტი გადაუხადა ვიდრე ეკუთვნოდა. 

ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიის, ბი სი არ ჯი დეველოპმენტის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაში მერიამ ამ კომპანიას 2 მილიონ 615 ათასი ლარის ქონება მისცა, თუმცა ამ გარიგებაში არის სკანდალური დეტალი. კომპანია ბი სი არ ჯი დეველოპმენტ ვიდრე ის ოთარ ფარცხალაძის საკუთრება გახდებოდა, ამავე მიწის ნაკვეთის გვერდით ფლობდა კიდევ ერთ ნაკვეთს, რომელიც მან 2013 წელს ერთი კვადრატული 223 ლარად გაყიდა. თუ ამ ფასით დავითვლით მაშინ მერიის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ფასი 513 ათასი ლარი გამოდის, თუმცა მას შემდეგ რაც ეს ნაკვეთი ფარცხალაძის საკუთრება გახდა ის მერიამ 2 მილიონ 600 ათასი ლარის ქონებაში გაუცვალა. არადა რუსთავი 2-ის ინფორმაცით კომპანიის ძველი მფლობელები მერიას სთხოვდნენ მათ ნაკვეთზე გზის გაყვანის შემდეგ კომპენსაცია ფულით გადაეხადათ, რაზეც უარი მიიღეს. გამოდის რომ მერიამ მოლაპარაკებები გაწელა და კომპენსაცია მანამ არ გასცა, ვიდრე კომპანია ოთარ ფარცხალაძის სახელზე არ გადააფორმეს, სანაცვლოდ კი თბილისელებმა 2 მილიონ ლარზე მეტი იზარალეს. პოსტსკრიპტმს კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ მერიაში შემოწმების დროს აუდიტორებს დოკუმენტების ერთი ნაწილი დაუმალეს, რათა სკანდალური გარიგების კვალი წაეშალათ, დოკუმენტების დაკარგვის ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა დაგვიდასტურა.  

ავტორი: ნოდარ მელაძე.

 

დღის ამბები