ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს არჩევნების თარიღის დასახელებას სთხოვს. გიორგი ბოტკოველის თქმით, თარიღის გამოცხადება ხელს შეუშლის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების პროცედურას. ნაციონალურ მოძრაობაში საკრებულოს ის პირებიც დაასახელეს, რომლებიც მათი თქმით თელავის, ამბროლაურის, გორისა და ახალციხის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ.
„ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა გამოეცხადებინა ქალაქების გაუქმების კვირეული და ეს ყველაფერი ხდება ადგილზე, საკრებულოების გადაწყვეტილებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფო დანიშნოს არჩევნების დღე, რომელიც უკვე მოგვცემს საშუალებას და ამ ქალაქების მაცხოვრებლებს, ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას, რომ ჩაიშალოს ის მზაკვრული გეგმა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ქალაქების სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.