20 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
ფარცხალაძე-თორდიას ინცინდენტის ამსახველი კადრები - ლაშა თორდია სრული ჩანაწერის გავრცელებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების კამერიდან ამოღებული ჩანაწერი კლუბ ელ ცენტროს ვერანდაზე მომხდარს ასახავს. ვიდეოს პირველ ნაწილში, ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად საუბრობენ, ვითარების დაძაბვის შემდეგ კი რამდენიმე წამში, უსაფრთხოების კამერა ყოფილი მთავარი პროკურორის ხელის მოქნევას აფიქსირებს. ლაშა თორდია ამბობს, რომ სწორედ ეს იყო პირველი დარტყმა ფარცხალაძის მხრიდან, რომელიც მას სახეში მოხვდა.

ლაშა თორდიას განცხადებით, მხოლოდ ერთი კამერიდან და ერთი რაკურსით გადაღებული მასალის გასაჯაროება საკმარისი არ არის და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრული ჩანაწერები უნდა გაავრცელოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გავრცელებული ვიდეომასალის შინაარსს არ განმარტავენ. უწყებაში კომენტარი დღეს არც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულა. გამოძიება დამატებით დაკითხული პირების მონაყოლს ასაჯაროებს, რომლის საფუძველზეც ამბობს, რომ ელ ცენტროში ფიზიკური დაპირისპირება მთავარმა აუდიტორმა დაიწყო.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ვიდეო ფარცხალაძის პოზიციას ამყარებს. ყოფილი მთავარი პროკურორის ვერსიით, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებით ლაშა თორდიას მხრიდან გაგრძელდა.

არასამთავრობოები საგამოძიებო უწყებას ყველა მსგავსი მტკიცებულების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, დღეს გავრცელებული ვიდეომასალისა და ინციდენტში მონაწილე პირების სამედიცინო ექსპერტიზებია დაგეგმილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები