საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი გრძელდება, თუმცა დღეს შეხვედრა მარნეულში არ გაიმართება.
მმართველი გუნდი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა ადასტურებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას განსხვავებული პოზიცია აქვს.
„გუნდში არის რაღაც საკითხები, სადაც სხვადასხვა აზრია სისტემასთან დაკავშირებით. მე თუ შემეკითხებით, ვერ ვხედავ პროპორციული არჩევნების პერსპექტივას ამ ქვეყანაში და რაღაც საფრთხეების მატარებელია ეს სისტემა ამ ფორმით, რა ფორმითაც ოპოზიცია ითხოვს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საყოველთაო განხილვების პროცესს ფარსს და უშედეგოს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც უარი თქვა განხილვებში მონაწილეობაზე.
„ივანიშვილი და ქართული ოცნება ხალხს ართმევს არჩევანის იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც არის დემოკრატიულ ქვეყანაში გადამწყვეტი,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.
პროცესში ჩართული ევროპული საქართველო კი, კვლავ პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.
„არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ თუ რატომ არ უნდა აირჩიონ მოქალაქეებმა პრეზიდენტი ისე, რომ არ ჰკითხო მოქალაქეებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.