19 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აიკრძალება

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აიკრძალება.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სოფლის მეურნეობის საკითხის რეფორმირებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს.

„პრეზიდენტის აზრით, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ხედვა იმისი, თუ როგორ უნდა მოხდეს, ზოგადად, სოფლის და სოფლის მეურნეობის გადარჩენა. ამ ხედვის არსებობის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე აკრძალვასა თუ სხვა რაიმე საკითხზე საუბარი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.

ქვეყნის მთავარ კანონში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას უმრავლესობა მხარს უჭერს. თუმცა, ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ისინი თვლიან, რომ სასოფლო მიწის გაყიდვაზე კონსტიტუციური შეზღუდვის დაწესება ბიზნესგარემოს დააზიანებს.

„უცხოელებს, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ ქვეყანაში, სჭირდებათ განცხადება, რომ იქ, სადაც ინვესტიციას დებენ, ის არის მათი საკუთრება. ბუნებრივია, მსგავსი რეგულაციები ხელს შეუშლის სახელმწიფოში ეკონომიკური ზრდის ტემპს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი, ფიქრობს, რომ მსგავსი რეგულაცია არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც დააზარალებს.

„ასეთი ცალსახა აკრძალვა არ უნდა ეწეროს არც კანონში და, მითუმეტეს, არ უნდა ეწეროს არც საქართველოს კონსტიტუციაში იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა დარჩეთ არჩევანის შესაძლებლობა, თვითონ გადაწყვიტონ ვის მიჰყიდიან მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას,“ - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

კონკრეტულად როგორი სახის ჩანაწერი გაჩნდება სოფლის მეურნეობის მიწის გასხვისების თაობაზე კონსტიტუციაში, ჯერ უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები