19 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
ცხარე კამათი არჩევანის სტუდიაში - ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

„ქალაქს სტატუსს არ ართმევს არავინ. ქალაქი იყო, არის და იქნება ქალაქი ზუგდიდი, მე მინდა ეს ყველამ კარგად გავიგოთ,“ - ეს განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ, ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე საუბრისასა გააკეთა.

მისი თქმით, გუშინ გამართულ სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალებას ყველას ჰქონდა და არცერთი პროცედურა არ დარღვეულა, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სიტუაციის არევა გადაწყვიტეს.

მან ზუგდიდის საკრებულოს ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე, ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, სხდომას სუს-ის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

თამაზ ფაცაციას ამ განცხადებას არჩევანის სტუდიაში ხმაური მოჰყვა.

ანი წითლიძემ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კენჭისყრაზე ხმების დათვლისა და საკრებულოს სხდომის დანიშვნის საკითხზე იკამათეს.

ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, მაიზერ ნანავას, განცხადებით, გასაიდუმლოებულად საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა. რის გამოც ანი წითლიძემ ის ხალხის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან ამის შესახებ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნახევარი საათით ადრე გააფრთხილეს.

პარლამენტის ევროპული საქართველოს წევრმა, ლაშა დამენიამ, თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხზე კამათის დროს აღნიშნა, რომ ამ რეფორმით ქალაქის მოსახლეობას საკუთარი მერის არჩევის უფლება ერთმევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, აცხადებს, რომ საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები დირექტივებს მიჰყვებიან.

დღის ამბები