24 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
ამით თვითონ გაიკეთეს პოლიტიკური ხარაკირი - თელავის საკრებულოს წევრებმა თვითმმართველობის რეფორმაზე იკამათეს

„ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი დენდროლოგი სოლოლაკიდან,“ - ასე აფასებს თელავის საკრებულოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნიკა ვარდოშვილი, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ ერთი კვირით ადრე საკრებულოში არავინ აპირებდა ამ დოკუმენტის მიღებაზე დათანხმებას. რეგიონული სამინისტროს ინიციატივით რეფორმის შედეგად 7 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.

„მათ მიიღეს დავალება იმ უბრალო მიზეზით, ისინიც ასრულებენ ამ დავალებას, რომ ჰგონიათ, რომ ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ მოხვდებიან გამსვლელ სიაში და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით თვითონ გაიკეთეს პოლიტიკური ხარაკირი,“ - განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.

თელავის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, პაატა გიორგობიანი, აღნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ეს საკითხები დეტალურად განიხილეს. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„არცერთი კაპიკით არ მცირდება დაფინანსება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის. მეორე საკითხი, არჩევითი იქნება ყველა დეპუტატი როგორც ქალაქში და ასევე სოფლებში, რაოდენობა იგივე დარჩება,“ - აცხადებს პაატა გიორგობიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელს ცალკე ფინანსები ექნება. ამ საკითხების ჩამოთვლის შემდეგ არჩევანის ეთერში მის მიერ გახმოვანებულ თემებს კამათი მოჰყვა და ის საზოგადოების „მოტყუებაში“ დაადანაშაულეს.

თელავის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების წევრი, დავით ჯორჯაძე, აცხადებს, რომ თელავში ბიუჯეტის მხრივ ბევრი არაფერი იცვლება. რაზეც, ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, უპასუხა, რომ ხარჯების დაზოგვა მოგონილია.

დღის ამბები